"მეტად უტიფარი და ურცხვი...

"მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება", _ ასე ეხმაურება PR ტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით:

"მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წავიკითხე ყურადღებით და შემრცხვა:

  1. ჯერ იყო და ლარის დევალვაციის მიუხედავად ფასები არ იცვლება და ზოგან მცირდება კიდეცო. _ მე მგონი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მაღაზიებსა და აფთიაქებში არ დადიან, თორემ მსგავს სისულელეს როგორ იტყოდნენ. პატივცემულო ხელისუფლებავ, ნუ გვასულელებთ, ფასები იცვლება კატასტროფული სიჩქარით თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტსა და წამალზე. საშინლად არის გაზრდილი ფასები სამედიცინო მომსახურების, სადაზღვევო პაკეტების, ტაქსებისაც კი. იქნებ, ცოტა თვალები გაგეხილათ და თუ უკვე ისეთ ვაკუუმში ხართ, რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ, დაგვიძახეთ და ნებისმიერი ჩვენგანი მარტივად დაგიმსხვრევთ ამ ხელოვნურ და ცრუ პროპაგანდას ფასების შემცირების თემაზე.

  2. "უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა..." - მე მაპატიეთ, მაგრამ ბოლო სამი წელია ლარის დევალვაცია მიმდინარეობს, მესმის, იყო ფაქტორები გონზე მოსასვლელად, გასააზრებლად, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგმა რომ გეგმაა, ის მაინც როგორ ვერ დადეთ? - ახლა იმის თქმა რომ უახლოეს ხანებში გეგმა დაიდებაო, უტიფრობაა სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ და მეტი არაფერი.

  3. პატივცემულო ხელისუფლებავ, როგორც კი ხელისუფლება იწყებს საუბარს, სხვაგან ასეა და საქართველოშიცო, ამას პროპაგანდა ჰქვია, ადრე "ნაციონალურ მოძრაობას" ახასიათებდა მსგავსი განცხადებები, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასი აიწია და ამიტომ საქართველოშიცო, ნავთობი გაძვირდა და ამიტომ ბენზინიო და ა.შ. ჰოდა, ეს შედარება "ისევე, როგორც ევროპაში", მხოლოდ გაძვირებას შეეხებოდა და არა მოსახლეობის მზაობას, რატომ ჩვენ არ ვართ მოქალაქეები დაცულები "ისევე, როგორც ევროპაში", არამედ მხოლოდ ფასები, სიძვირე და სირთულეა "ისევე, როგორც ევროპაში?" - ეს ყველაფერი ცრუ პროპაგანდაა და კომუნიკაციების ნებისმიერი სპეციალისტი მიგიხვდებათ ამ არც ისე ნიჭიერ ხრიკს, რომ ჩვენი გასულელება გააგრძელოთ.

  4. კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება და მეტი არაფერი დამრჩენია, გირჩიოთ რომ მოიწვიეთ "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და იქნებ, ჰკითხოთ, როგორ ინარჩუნებმა მუდმივად ომში მყოფი სახელმწიფო ასე თუ ისე ლარის მაჩვენებელს. ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც მთავრობას გეგმაც კი არ ჰქონია თურმე შემუშავებული, თურმე მომავალი წლის ინფრასტრუქტურით აპირებს ლარის კურსის გაუმჯობესებას და ნახევარპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით გვაბრუებს, რომ სიტუაციას დაალაგებს, ეს არის უხერხული განცხადება, ეს არის უხარისხო განცხადება, ეს არის უპასუხისმგებლო და უტიფარი განცხადება.

ბატონო პრემიერო, მთავრობის მეთაური თქვენ ხართ, პასუხისმგებლობაც თქვენზეა, არ დაგავიწყდეთ, რომ რაც გინდა უწყობდეთ ხელს მითებს სხვისი მმართველობის შესახებ, სადაც თითქოსდა თქვენი წილი პასუხისმგებლობა ამორფულია, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ძალაუფალი ხართ თქვენ და ნებისმიერი პასუხისმგებლობა თქვენი პასუხისმგებლობაა.

და ბოლოდ, თქვენი განცხადების მსგავსი განცხადება სტუდენტს რომ დაეწერა დავალებად, დიდი ბოდიშის მოხდით, ქულასაც კი არ დავუწერდი ასეთ უშინაარსო ნამუშევარში", _ წერს გამზარდია "ფეისბუკის" გვერდზე.

მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება _ გამზარდია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას აფასებ

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა