ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ...

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ჩვენი დიდი წმიდა დედის, მოციქულთა სწორის და ქართველთა განმანათლებლის ქალწულ ნინოს ხსენებას. მისი ზეციური ლოცვა, მადლი და ძალი ჰფარავდეს ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად იბერიას. ჩვენი სულიერი დედის წმიდა ნინოს გაკვალული გზით გვევლოს ქართველ ერს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. საეკლესიო და ისტორიული წყაროების თანახმად, წმიდა ქალწულ ნინოს იბერიაში შემობრძანებას და მოციქულებრივ ქრისტიანულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას წინ უძღოდა ზეციური სასწაული, რომლის დროსაც წმიდა ქალწულს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლი და ამგვარი კურთხევა მისცა მას: „წარუედ ქუეყანად იბერიისად, მუნ იქადაგე სახარებაი ძისა ჩემისა და უფლისა იესუ ქრისტესი, და მიიღებ მის-გან მადლსა, და მე ვიქნები მფარველი შენდა“ („წმიდა ნინოს ცხოვრება“); „აღჰსდეგ და ვიდოდე ჩრდილოთ კერძო, სადა იგი ფრიად არს სამკალი, ხოლო მუშაკ ყოვლად არა“ („ქართლის ცხოვრება“). ამ სასწაულით კიდევ ერთხელ დამოწმდა ღვთისმშობლის წილხვდომილობა იბერიაზე და განისაზღვრა ის უდიდესი მოვალეობა, რომელიც ყოველთა იბერთა ეთნოსურ დვრიტას - ქართველ ერს დაეკისრა უფლის წინაშე ამ უდიდესი საღვთო პატივით. წმიდა ნინოს იბერიაში შემობრძანებამ და ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრებამ ძირეული გარდატეხა მოახდინა წარმართ იბერიელთა ისტორიულ და ყოფით ცხოვრებაში, საფუძველი ჩაუყარა ქართველური/იბერიული ქრისტიანულ-ეროვნული სახელმწიფოს შექმნას და იქცა საწინდრად ყოველთა იბერთა გაერთიანებისა და ღირსეული ისტორიული არსებობისა, დაგვენერგა სულიერ ქვაკუთხედად ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისა. ქრისტიანული ერის დასაწყისშივე იესო მაცხოვრის მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა, სვიმეონ კანანელმა და მატათამ ჭეშმარიტი სარწმუნოების თესლი კეთილი ჩანერგეს წარმართ ქართველობაში, ხოლო სამი საუკუნის შემდეგ წმიდა ნინომ ეს კეთილი თესლი გააღვივა და ცხოველსმყოფელ ნაყოფად ამოზარდა, რომელიც უკვე 17 საუკუნეა ქრისტეს მაცხოვნებელ ნათელში ამყოფებს ქართველ ერს, უნახავს მას სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ვინაობას და თვითმყოფადობას. როგორც წმიდა ილია მართალი ბრძანებს: „წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამც თუ სულიერად, არამედ ხორციელადაც... ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთმომქმედი მხნეობა, თავ-გაწირვა, თავ-დადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა... იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებრივის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუნერგა გული რკინისა, გაუმძლავრა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა, შეგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება... ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებრივი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვითკირიც იყო, საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა... ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას... საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი ჯვარ-ცმულის ღმერთისა და თვითონაც ჯვარს ეცვა, არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში მკვიდრად გაბნეული ჯვარი... ხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლს ღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა... ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ“. დღესდღეობით, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს გასანდგურებლად და ქართველი ერის გადასაგვარებლად მაქსიმალურად არიან მობილიზებულნი ჩვენი ერის და სარწმუნოების მტრები, გარე ანტიქრისტიანული ძალები და მათ დაქვემდებარებული შიდა დენაციონალიზებული ელემენტები, რომელთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქართველ ერში ქრისტიანულ-ეროვნული ცნობიერების აღმოფხვრა, რაც ჩვენი ერის სულიერ-ზნეობრივ გადაგვარებას და ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს. მოგიწოდებთ ქართველნო, ყოველნო იბერიელნო, ჩვენს ღირსეულ წინაპართა მსგავსად ვუერთგულოთ უფალს და დავიცვათ ქრისტიანული სარწმუნოება, თავდადებით ვემსახუროთ საქართველოს და არ დავუთმთ ღვთისგან ბოძებული ჩვენი წმიდა მიწა-წყალი გარე მომხდურს და შიდა მტარვალს; გავერთიანდეთ ეროვნული ძალები, მამულიშვილები, სამშობლოს მოყვარე ადამიანები და ღირსეული პასუხი მივაგოთ ყოველ მათ თავხედურ გამოხდომას, ვიხსნათ ჩვენი ერი სულიერი გადაგვარებისა და ფიზიკური განადგურებისაგან. ვიაროთ ღვთის გზით და ღმერთი ჩვენთან იქნება. ამინ.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა